Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ყველა ბილეთი გაყიდა


ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვში პირდაპირ ერთჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს, ყველა ბილეთი გაყიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა უთხრა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით წაიშალა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც საუბარი იყო ამ რეისზე.

"ვსიო, დამთავრდა [ბილეთები]. ერთჯერადი ჩარტერული რეისია. შეძენა აღარაა შესაძლებელი - [ვებგვერდზე] ფასი შეიძლება აჩვენოს, მაგრამ ვეღარ იყიდით", - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

კითხვას, პოსტის წაშლის მიზეზი ფეისბუკმომხმარებლების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება ხომ არ იყო, გაიაშვილი ასე პასუხობს:

"არა, როგორ გეკადრებათ. რატომ უნდა მოჰყვეს?.. ამ რეისზე ყველას კარგი დამოკიდებულება აქვს. ნორმალურ ადამიანს კარგი გამოხმაურება აქვს იმიტომ, რომ მილიონი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში. ვიღაც დეგენერატს თუ თავისი თანამემამულის წვალება [უნდა], ეს მეორე საკითხია".

გაიაშვილი ამბობს, რომ 28 იანვარს ფრენას 50-კაციანი თვითმფრინავით შეასრულებენ.

28 იანვარს ფრენა ტრანსფერის გარეშეა. ავიაკომპანიას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები ერევნის გავლით, პარტნიორი ავიაკომპანიის დახმარებით აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG