Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს


სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, სახელმწიფომ დააკმაყოფილოს მათი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით, რადგან სადაც ცხოვრობენ, ის სივრცეები უკვე საფრთხის შემცველია.

"აქ ვდგავართ ის ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი წუხილი და ეს უკავშირდება საცხოვრებლის პრობლემას. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოგვარდა [ეს საკითხი] და ვერ მივიტანეთ ვერცერთ ხელისუფლებამდე, რომ ჩვენ, დევნილები, ვიმსახურებთ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გვიწევს ბრძოლა, რომ მოვიპოვოთ ეს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მიმდინარეობის დროს ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელთან პოლიცია იყო მობილიზებული.

სანატორიუმი "ქართლი", სადაც ათეულობით დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაშია. იქ დასახლებული დევნილები წლებია უკვე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცით დააკმაყოფილოს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ.

დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თანახმად, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა, 6 წლის შემდეგაც, დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

დევნილები პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა.

16 იანვარს „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის კაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. მეზობლები ამბობენ, რომ კაცს უნდოდა თვითმკვლელობით ხელისუფლების ყურადღება მიექცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG