Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დროა" ოპოზიციას განცხადების ტექსტს სთავაზობს, რომელშიც უკრაინა და საქართველო ერთიან კონტექსტშია მოხსენიებული


პოლიტიკური პარტია "დროა" ოპოზიციურ პარტიებს უკრაინის მხარდასაჭერად განცხადების ტექსტს სთავაზობს, რომელშიც საქართველოც უკრაინის მსგავს კონტექსტშია მოხსენიებული. პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს განცხადებაზე ხელმოსაწერად იწვევს.

"დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ დაიწუნა და არ მიიღო. მათ უკრაინის მხარდასაჭერ ტექსტში ერთხელაც არ ახსენეს რუსეთი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტექსტს მკაფიო გზავნილებით, რომლებსაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ყველა პროდასავლური პარტია ბუნებრივად უნდა იზიარებდეს", - აცხადებენ "დროაში".

რამდენიმე ფრაგმენტი განცხადებიდან, რომელშიც საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში არიან მოხსენიებული:

  • "ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე";
  • "დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა";
  • "მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა";
  • "მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან".

"დროამ" განცხადების ეს ტექსტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში გაეთვალისწინებინა ოპოზიციის შეთავაზებული ფორმულირებები. ოპოზიციის განცხადებით, რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეუთანხმებლობის საფუძველი გახდა "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან", რისი დროც, მისი თქმით, არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამომხატველ რეზოლუციაზე პირველი საკონსულტაციო შეხვედრა 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და მიზეზად ტექნიკური საკითხები დასახელდა.

რეზოლუციის მისაღებად დროის ფაქტორი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იყო. ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე განმარტავდა, რომ სასურველია რეზოლუცია კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის გახსნის დღესვე დადგეს. ამისთვის რეგისტრაციის ვადა გუშინ, 26 იანვარს, ამოიწურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სესიაზე დადგება კენჭისყრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG