Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი მოუწოდებს ირანს "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გაათავისუფლოს უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი


ირანელი უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი
ირანელი უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი

Human Rights Watch-მა (HRW) დაგმო განაჩენი, რომლის თანახმადაც პატიმრობა მიესაჯა ცნობილ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის. ორგანიზაციამ მოუწოდა თეირანს, გაათავისუფლოს იგი "დაუყოვნებლივ და უპირობოდ".

"ირანის ხელისუფლების მიერ ნარგეს მოჰამადის სასტიკი დაკავება და გასამართლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს ადრინდელი პატიმრობიდან და შემდეგ კიდევ უფრო უსამართლო განაჩენის გამოტანა, აშკარად ისახავს მიზნად მის გაჩუმებას ნებისმიერ ფასად", - განაცხადა თარა სეპეჰრიფარმა, Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა ირანის საკითხებში 28 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის სასამართლომ მოჰამადის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა "შეკრებისა და შეთქმულებისთვის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მოქმედების მიზნით" და ასევე ორწლიანი პატიმრობა და 74 როზგი "ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის" გამო, - განუცხადა Human Rights Watch-ს მისმა ქმარმა, თაღი რაჰმანიმ, 27 იანვარს.

განაჩენი ასევე შეიცავს პატიმრობის შემდეგ "პოლიტიკური პარტიების წევრობის" და "სოციალურ და ციფრულ პლატფორმებზე აქტიურობის" ორწლიან აკრძალვას და ამავე ვადით მშობლიურ ქალაქში, თეირანში ცხოვრების უფლების ჩამორთმევას.

რაჰმანიმ თქვა, რომ მოჰამადის სასამართლო პროცესმა ხუთ წუთზე მეტს არ გასტანა და მოსამართლემ საგანგებოდ აღნიშნა მისი ბოლოდროინდელი წარდგენა ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის ორი წევრის მიერ და მისი მცდელობები, ნათელი მოეფინა ირანში სამარტოო საკნებში პოლიტიკური პატიმრების ხანგრძლივი ყოფნისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG