Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პარლამენტში ბოიკოტს წყვეტს


ხატია დეკანოიძე

პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ბოიკოტს წყვეტს და გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია მედიას ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ მიაწოდა.

"ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი, ძალიან ბევრი მხარდაჭერით, ბევრი მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა ყველა იმ ჯგუფებთან, რომელიც მზად არის და იბრძვის იმ ვითარების შესაცვლელად, რაც არის. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა. შაბათს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია საგაზაფხულო საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს", - თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანია, პარლამენტში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ფრაქცია აპირებს ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.

"ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი... ფრაქცია პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი უშუალო ვალდებულება იქნება, ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რომ ყველა ეტაპზე, არამხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მწვავე პროტესტი [გვქონდეს]. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის", - თქვა დეკანოიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის არჩევნებით არჩეულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მუშაობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 2021 წლის 8 ივნისს დაიწყო. პარტია მიიჩნევდა, რომ არჩევნები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რაც ფრაქცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მიზეზი 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG