Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახდა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახდა. ის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე ისაუბრა.

ოთარ შამუგიამ ლევან დავითაშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. შამუგია მანამდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ იგი წარმატებული მინისტრი იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ახალმა მინისტრმა მედიასთან ერთ წუთზე ნაკლები ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს.

"ჩემთვის ეს არის პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას", - თქვა მან.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას გეგმების შესახებ უცნობია. ის მინისტრად 3 წელი მუშაობდა.

ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. მანამდე, 2014 წლის 5 ნოემბრიდან კი იგი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ამავდროულად ვიცე-პრემიერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG