Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსმა სარჩელი შეიტანა „მთავარი არხის“, „ფორმულისა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სასამართლოს მიმართა ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და „ფორმულის", ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.

ლილუაშვილის ადვოკატის, მამუკა ღვინიაშვილის განმარტებით, საქმე ეხება ტელეკომპანიების ეთერებში გასულ ინფორმაციას ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ. ადვოკატის თქმით, სიუჟეტებში „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა.

ლილუაშვილის ინტერესების დამცველის მტკიცებით, „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ „ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას".

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება;

2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

განახლება:

„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არხზე გასული სიუჟეტიდან დაახლოებით სამი თვის თავზე, გრიგოლ ლილუაშვილის ეს სარჩელი ტელევიზიის წინააღმდეგ ერთგვარი სასამართლო სარჩელების კამპანიის ნაწილად აღქმება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მაღალი თანამდებობის პირმა არ იცოდეს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება.

სიუჟეტი დაახლოებით სამი თვის წინ იყო და ახლა რატომ გადაწყვიტა საჩივრის შეტანა გაუგებარია. თანაც სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და კანონი სრულად იყო დაცული. ყველაზე ნაკლებად ამ ადამიას ეხებოდა, მაგრამ შეიტანა საჩივარი ორი არხის წინააღმდეგ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, ცოტა გაუგებარია თუ მას საკუთარი უფლებების დაცვა უნდოდა, უარყოფა უნდოდა ინფორმაციის, შეეძლო სამი თვის წინაც გაეკეთებინა, მაგრამ სამი თვის შემდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ვფიქრობ რომ ეს იმ ბევრი სარჩელების და იმ სასამართლო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოებში. მათ შორის სუსის კრეფსებში მოხსენიებულმა მერობის კანდიდატებმა, ბევრმა ერთად შეიტანა სასამართლოში სარჩელი და ახლა სუსის ხელმძღვანელიც დაეწია მათ. ასე შეიძლება აიხსნას ეს, სხვა მხრივ წარმოუდგენელია ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა არ იცოდეს , რომ მას აქვს თმენის ვალდებულება მისდამი კრიტიკული თუ არასასამოვნო ინფორმაციის შესახებ“,- ამბობს თამთა მურადაშვილი.

მისი სიტყვებით 10-ზე მეტ პირს სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში და ითხოვს 55 555 ლარის ოდენობის თანხით მორალური ზიანის ანაზღარებას, რომელიც თითქოს მათ მიადგათ სატელევიზიო სიუჟეტის გამო.

საუბარია, გასული წლის 13 სექტემბერს სავარაუდოდ სუსის მიერ შედგენილი დიდი მოცულობის ფაილებზე, რომელიც მეტწილად სასულიერო პირებს შესახებოდათ. ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს, მედიას, პოლიტიკოსებს უსმენს, ინფორმაციას აგროვებს, ინახავს და ინტერპრეტაციებს უკეთებს. ჩანაწერებში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ადასტურებს იქ აღწერილი ამბების ნამდვილობას. სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულებებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

რადიო თავისუფლება ტელეკომპანია "ფორმულასაც" დაუკავშირდა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის შესახებ პოზიციის გასარკვევად. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG