Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან აირჩიეს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე აირჩია საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა.

45-წევრიან საკრებულოში მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ოპოზიციის 25-ივე წარმომადგენელმა.

„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ენმ-ს და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა, რაზეც თავად არაერთხელ მიუთითებდნენ, დღეს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა.

კენჭისყრამდე “ქართული ოცნების” წევრმა ოთარ ქადარიამ მიმართა “საქართველოსთვის” წევრებს, რომ სირცხვილია და შეურაცხმყოფელი ენმ-თან მათი თანამშრომლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთად ბევრი რამ გადაიტანეს მათთან ბრძოლისას.

"გული მწყდება ჩემს ყოფილ თანაგუნდელებზე, მენანება... პარტია “საქართველოსთვის” დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოხსნა და წინასწარ გადაიხადა 4 წლის", - აღნიშნა მან.

საპასუხოდ გიგა ფარულავამ აღნიშნა, მას "არასდროს შეშლია პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობები", ოთარ ქადარიას სიტყვები კი ადამიანურ ზღვარს სცდება. მისი განცხადებით, პარტია “საქართველოსთვის” მთავარი მიზანი საკრებულოს კრიზისიდან გამოყვანა და არა თანამდებობების დაკავებაა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ ზუგდიდის სასიკეთოდ.

სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლისთვის, რადგან გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა. მათ შორის ის ასახელებს 2018 წელს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

მე მიმაჩნია, რომ გახარია და მისი პარტია არის ქვეყნის მტერი. ამ ქვეყანას და ამ რეგიონს მან უბედურება მოუტანა. მისმა ბრძანებამ შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხარდაჭერა არის ქვეყნის ინტერესებისთვის გაუმართლებელი”, - განუცხადა ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა ვერ მოახერხეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

აქედან წალენჯიხის, ჩხოროწყუს, რუსთავის და ზუგდიდის საკრებულოებში თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრები აირჩიეს, მარტვილში - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს სენაკის და ბათუმის საკრებულოებში.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი - "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG