Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს


სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ღია წერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

„პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში", - ამ სიტყვებით იწყება სალომე ზურაბიშვილისადმი მიწერილი ღია წერილი.

სააკაშვილის წერილში ძირითადი აქცენტი ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

„თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG