"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავს. ადგილზე მისულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
მოქალაქეებმა საელჩოს შენობასთან გაუშვეს უკრაინის დროშის ფერების ბოლი. უკრაინის ელჩი აქციის მონაწილეებს ეზოდან მიესალმა.
"უმოქმედობა და დუმილი ყოვლად დაუშვებელია მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია. საქართველომაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რითაც შეუძლია, მათ შორის გამოხატოს მხარდაჭერა... აუცილებელია, რომ განვიხილოთ სანქციების საკითხი. ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის "რესპუბლიკაში" შესული პირები არ დაიშვებოდნენ საქართველოში - ასეთი რეგულაცია გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, შეგვიძლია ეს გავავრცელოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით", - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", თინა ბოკუჩავამ.
დღესვე უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორია პარტია "დროა".
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.