Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანმა ფრანგ კოლეგასთან უკრაინის შესახებ ისაუბრა


საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან ტელეფონით უკრაინის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინისა და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.

"მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG