Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი რადჩენკო: „პუტინმა ევროპის საფრთხობელად გვაქცია“


სერგეი რადჩენკო
სერგეი რადჩენკო

„ამაზრზენია, რაც ხდება. ამორალური და არალეგალური. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნეხვის გროვაში გავიღვიძე და გული მერევა. მე არაფერი ჩამიდენია, და მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ნებისმიერი წესიერი ადამიანი ამ ომში უკრაინის მხარეს უნდა იყოს“, - წერდა რუსი ისტორიკოსი, სერგეი რადჩენკო უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს. რადჩენკო მეხუთე დღეა შეშფოთებით აკვირდება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ის ამერიკაშია, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ცივი ომის მკვლევარი, შიშობს, რომ მსოფლიო პუტინისგან ბევრად უარესს უნდა ელოდოს და ომის დაწყებას პირად ტრაგედიად აღიქვამს.

“შეხედეთ რუსეთის დელეგაციას - ნაციონალისტი კლოუნები არიან, ყველა მათგანი. ესენი არ არიან სერიოზული მომლაპარაკებლები”.

რადიო თავისუფლება სერგეი რადჩენკოს მაშინ ელაპარაკა, როდესაც კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა 28 თებერვალს, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაასრულეს.

„იმედი არ მქონდა, რომ ამ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი მოჰყვებოდა. შეხედეთ რუსეთის დელეგაციას - ნაციონალისტი კლოუნები არიან, ყველა მათგანი. ესენი არ არიან სერიოზული მომლაპარაკებლები”, - თქვა მან.

რადიო თავისუფლება: თქვენ - ჯერ როგორც რუსი და შემდეგ ისტორიკოსი - როგორ შეაფასებდით იმას, რასაც დღეს ვხედავთ?

რადჩენკო: მე მთლად რუსი არ ვარ. როგორც ბევრ რუსს, ოჯახური კავშირები მაქვს უკრაინასთან. ომის დაწყება უზარმაზარი ელდა იყო - თითქოს რაღაც მოკვდა ჩემში. უმძიმესი დღეებია ჩემთვის, პირადი ტრაგედიაა. ვფიქრობ, ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, მოსკოვშიც კი, რომ ომი დაიწყებოდა. ყველა, მათ შორის ე.წ. ლიბერალური ინტელიგენცია, ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეჭრა აბსოლუტური უგუნურება იქნებოდა - ეკონომიკური სანქციების მაღალი რისკი, დასავლეთთან ხიდების საბოლოოდ დაწვა - ხალხი ბოლო წუთამდე ფიქრობდა, რომ ბოლო წამს რაღაც შეთანხმება დაიდებოდა და ომის რისკს თავიდან ავირიდებდით. ფსიქოლოგიურად, ემოციურად ურთულესი იყო ამის დაჯერება.

რადიო თავისუფლება: ცივი ომის მკვლევარი ხართ - დავბრუნდებით ცივი ომის პერიოდში?

რადჩენკო: ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი გვაქვს, ასე ვიფიქროთ. მთავარი განსხვავება მაშინდელ ცივ ომთან არის ის, თუ რამდენადაა მიბმული რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ეკონომიკას. და ვხედავთ, რომ ეს უზარმაზარი ბერკეტი აღმოჩნდა დასავლეთის ხელში - როგორც კი დასავლეთმა გაიაზრა სიტუაციის სიმძიმე და ერთსულოვანი, მტკიცე პოზიცია დაიკავა, ვნახეთ, რაც მოხდა - დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს დამანგრეველი, კატასტროფული გავლენა აქვს რუსულ ეკონომიკაზე.

რადიო თავისუფლება: ირონიული არ არის, რომ ათწლეულების განმავლობაში კრემლი აქეთ იყენებდა ეკონომიკასა თუ ენერგორესურსებს ბერკეტად და დასავლეთის დასაშანტაჟებლად და ახლა თვითონ უწევს საკუთარი „წამალი“ გასინჯოს?

რადჩენკო: ნამდვილად. რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის ეკონომიკური სუპერძალა. და რომ ის ძალიან მოწყვლადია რიგ მიზეზთა გამო. მაგრამ პუტინი ეკონომისტი არ არის. არ მგონია, კარგად ესმოდეს სანქციების ეკონომიკური გავლენა და შედეგები, ან თუ ესმის, რაღაც ფილოსოფიური გადმოსახედიდან უყურებს, მაგრამ პრაქტიკული, ხელშესახები რეალობა ისაა, რომ დღეს თუ მოსკოვში ვინმეს რაიმე ეკონომიკური

“პუტინი უკრაინას რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, საქართველო, მისი კულტურა კი მისთვის განსხვავებული, უცხოა”.

თანამდებობა აქვს, ყველა თმებს იგლეჯს და ბურტყუნებს: ეს სიგიჟეა, რუსული ეკონომიკა ჩვენ თვალწინ ინგრევა... და ეს სახიფათოა, რადგან, გარდა იმისა, რომ არასტაბილურობის უზარმაზარ რისკს ქმნის, ამავდროულად, სულ მცირე სივრცეს უტოვებს პუტინს მანევრირებისთვის. ის თავს კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობს და ამან შეიძლება უკიდურესად სახიფათო სიტუაციამდე მიგვიყვანოს.

რადიო თავისუფლება: წერთ, რომ პუტინმა ვერ გათვალა, ფსონს ჩამოვიდა და ვერ გაარტყა - როგორ მოხდა, რომ თავად დიადი პუტინი შეცდა?

რადჩენკო: ვფიქრობ, ხმები პუტინის სტრატეგიულ გენიოსობაზე გაზვიადებულია - მისი „სტრატეგიული გენიის“ მიმართ ყოველთვის სკეპტიციზმით ვიყავი განწყობილი. ის საინტერესო ტაქტიკურ სვლებს აკეთებს, მაგრამ სტრატეგიული გადმოსახედიდან, მისი მთელი საგარეო პოლიტიკა, წლების განმავლობაში კონტრპროდუქტიული, მეტიც, რუსეთის ეროვნული ინტერესების საზიანო იყო. ეს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის გადმოსახედიდან, ვინც თვლის, რომ რუსეთის მომავალი ევროპაშია - პუტინი კი ყველაფერს აკეთებს ამ მომავლის წინააღმდეგ, და ის, რასაც პუტინი აკეთებს, თავად რუსეთს უთხრის ძირს - მან ყველასგან გაგვრიყა და ფაქტობრივად ევროპის „გუდიან კაცად“ გვაქცია. რა არის ამაში დიადი ან გენიალური? რატომ უნდა ესწრაფოდე ასეთ სტრატეგიულ მიზანს? ეს ხომ კატასტროფაა.

რადიო თავისუფლება: კუთხეში მიმწყვდეული მხეცი ყველაზე სახიფათოა. რისი უნდა გვეშინოდეს - რას ველოდოთ პუტინისგან?

რადჩენკო: ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი არ გვინახავს - პუტინი ჯერ ყველა „კარტს“ არ ჩამოსულა. სამხედრო ოპერაცია, რომელიც მან წამოიწყო, საკმაოდ შემზარავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ, თუ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება და პუტინი გადაწყვეტს, საქმე რადაც არ უნდა დაუჯდეს, „ბოლომდე მიიყვანოს“. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის ჯერ კიდევ ყოყმანობს, შეიძლება სიტუაციიდან გამოძრომის გზას ეძებს და თუ ასეა, ვფიქრობ, რაღაც

„რუსი ხალხის უმრავლესობას ეს ომი არ უნდა.“

პოლიტიკური ალტერნატივების მიცემა ღირს დეესკალაციის სანაცვლოდ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დამანგრეველი იქნება კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უპირობო კაპიტულაცია მოვთხოვოთ - ჰიტლერი ან ჰიროჰიტო არ არის, ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტია. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება მის თავში - მაგრამ ამოსავალ წერტილად უნდა ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ პუტინი ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად სრულ ჭკუაზეა და რაციონალური არსებაა, რადგან თუ გიჟია, მაშინ ამას უკვე ვეღარაფერს ვუშველით. თუ არ არის გიჟი, ე.ი. კიდევ შეგვიძლია მასზე რამე გავლენა მოვახდინოთ.

რადიო თავისუფლება: რამდენად უნდა აფიქრებდეს დასავლეთს ბირთვული საფრთხე რუსეთისგან, პუტინის უკანასკნელი ბრძანებებიდან გამომდინარე?

რადჩენკო: რუსეთს არ აქვს ისეთი სისტემა, როგორიცაა ამერიკელების DEFCON 12345, სადაც ნიშნული 1 ბირთვული ომის ტოლფასია. ასე რომ, როდესაც პუტინი ბრძანებას გასცემს, ჩვენი

„პუტინი ჯერ ყველა „კარტს“ არ ჩამოსულა. ბევრად უარესს უნდა ველოდოთ, თუ პუტინი გადაწყვეტს, საქმე რადაც არ უნდა დაუჯდეს, „ბოლომდე მიიყვანოს“.

ბირთვული ძალები მზადყოფნაში მოიყვანეთო, ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობს. ეს უფრო „კუნთების თამაშია“, რათა დასავლეთს გაახსენოს, თუ რა შეუძლია რუსეთს და რომ რუსეთთან უფრო დამყოლები და ფრთხილები უნდა იყვნენ

რადიო თავისუფლება: ვინ შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის მოკავშირეებად ამ ომში და რამდენ ხანს დარჩებიან ისინი პუტინის გვერდში?

რადჩენკო: რუსეთს ცოტა მოკავშირე ჰყავს. რა თქმა უნდა, კლიენტი სახელმწიფოები ცენტრალურ აზიაში. და, რა თქმა უნდა, ბელარუსი. მაგრამ რამდენად გამოსადეგი მოკავშირეები არიან ისინი? ბელარუსი ნამდვილად გამოადგა - ორი დიქტატორის ალიანსი სასარგებლო აღმოჩნდა [პუტინის მიზნებისათვის]. ჩინეთი არ არის ფორმალური მოკავშირე. მთავარი შეკითხვა აქ არის, გადაწყვეტს თუ არა ჩინეთი, საბოლოოდ მიემხროს რუსეთს - და ჯერჯერობით ჩინეთი ამაზე ფეხს ითრევს, ცდილობენ, თან რბილად მხარი დაუჭირონ რუსეთს, თან ნეიტრალური მხარის როლი მოირგონ. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის მხარში დადგომა, რომელსაც ალბათ პუტინი ელოდა მისი მეგობარი ქსი ძინპინისგან. ჩინელებს თავიანთი ინტერესები აქვთ, და ეს ინტერესები რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა.

რადიო თავისუფლება: ე.წ. მეორე რუსეთზეც გკითხავთ - სად არის? ერთი მუჭა ხალხი 142-მილიონიანი ქვეყნიდან - ესაა სხვა რუსეთი?

რადჩენკო: ვფიქრობ, რუსი ხალხის უმრავლესობას ეს ომი არ უნდა. ლიბერალურ ინტელიგენციას ანტიპუტინური განწყობა აქვს, განსხვავება ამ განწყობის სიმძაფრეშია - არიან მწვავე კრიტიკოსები, რომელთა რიგებსაც საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ, და არიან ე.წ. ზომიერი კრიტიკოსები. რუსი ხალხის დიდ ნაწილს ეს ომი არ უხარია და უბედურებად თვლის. მაგრამ არის უმცირესობაც, უმცირესობა კი არა, შეიძლება მოსახლეობის ნახევრამდეც კი, ვინც ამ კონფლიქტს მხარს დაუჭერს, რადაც არ უნდა დაუჯდეს და რაც არ უნდა მოხდეს.

რადიო თავისუფლება: თუ ეს უმრავლესობა გასუსული იჯდება, როგორ განსჯის მათ ისტორია ამ სიჩუმისათვის?

რადჩენკო: დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დამთავრდება ეს

„ხმები პუტინის სტრატეგიულ გენიოსობაზე გაზვიადებულია“

ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსი ხალხის დიდ ნაწილს მოუწევს, აღიაროს, რომ მათი ქვეყანა აგრესორია, რომ ამ ქვეყანამ აგრესიული ომი გააჩაღა და რომ ამის საფასურის გადახდა მათაც მოუწევთ.

რადიო თავისუფლება: ეს აღიარება ამის ხმამაღლა თქმას ნიშნავს? რაიმეს მოიმოქმედებენ?

რადჩენკო: ახლო მომავალში ალბათ ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ, შორეულ პერსპექტივაში კი უნდა ველოდოთ პირველ რიგში იმის გააზრებას, რომ რუსეთი არ არის უდანაშაულო - ბევრს დღემდე სჯერა რუსეთში, რომ მათი ქვეყანა უდანაშაულოა და სწორედ რუსეთს უტევენ.

რადიო თავისუფლება: როგორ შეცვლის ეს ყველაფერი პუტინის, როგორც „განათლებული თვითმპყრობელის“ აღქმას?

რადჩენკო: თუ ომი გაგრძელდება, არის შანსი, რომ მისი აქამდე მუდმივად მაღალი რეიტინგი დაეცეს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევა ის ისტორიაში, ვფიქრობ, პუტინი მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ ისტორია მას შეგვინახავს როგორც „რუსული მიწების მომხვეჭელს“. ასე არ იქნება - ისტორია, მათ შორის რუსეთი, მოიგონებს მას როგორც კაცს, რომელიც ებღაუჭებოდა ძალაუფლებას, იყო ავტოკრატი და ქარს გაატანა ყველა შესაძლებლობა რუსეთი ევროპასთან დაეახლოვებინა. და არა მარტო უზარმაზარი ფიასკოა, არამედ დანაშაული [რუსეთის მიმართ].

რადიო თავისუფლება: როგორია საქართველოს ფსონი ამ ყველაფერში? დღეს ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი - ერთნი თვლიან, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დიდად ხმა არ უნდა ამოვიღოთ, რადგან პუტინი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რა სცენარით განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ამას დაიმახსოვრებენ და გვაზღვევინებენ. მეორენი კი თვლიან, რომ ახლა გაჩუმება ნიშნავს, რომ დასავლეთსაც დავავიწყდებით, თუ უკრაინა ევროკავშირში ან ნატოში შესვლას მოახერხებს.

რადჩენკო: ვფიქრობ, უკრაინის და საქართველოს შემთხვევები

“ნებისმიერი წესიერი ადამიანი ამ ომში უკრაინის მხარეს უნდა იყოს“

უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პუტინი უკრაინას რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, საქართველოს კი - ნაკლებად. მისთვის საქართველო, მისი კულტურა განსხვავებული, უცხოა, უკრაინასთან შედარებით. მაგრამ ცხადია, რომ თუ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს უკრაინაში, თუ მას მძიმე დარტყმას მიაყენებს, ეს სიგნალი იქნება საქართველოსთვისაც, რომ ძალიან ღრმად არ შეტოპოს და ნატოში გაწევრების ზედმეტი ამბიციები არ გამოიჩინოს. მეორე მხრივ, დასავლეთსაც მიუვა სიგნალი, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრებლად გადადგმულ ნაბიჯებზე რუსეთს მსგავსი რეაქცია ექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ამ სამხედრო ავანტიურის შედეგზე - თუ პუტინი დამარცხდება... მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია და პრობლემაც ესაა. რუსეთი ბირთვული ძალაა, დათანხმდება კი იგი, მარცხი აღიაროს უკრაინაში? ამიტომ, რაც უნდა მიმძიმდეს ეს, ვეჭვობ, რომ ბევრად დიდი შანსია რუსეთი ესკალაციაზე წავიდეს, ვიდრე დეესკალაციაზე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG