Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ყოველწლიურ გამოსვლაში: პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ (State of the Union) თავის პირველ ყოველწლიურ გამოსვლაში პირობა დადო, რომ ვლადიმირ პუტინი საფასურს გადაიხდის რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის.

ბაიდენმა კონგრესის წევრებს მოუწოდა, ფეხზე წამოდგომით მისალმებოდნენ უკრაინელ ხალხს და მსოფლიოს, რის შემდეგაც ორივე პარტიის წარმომადგენელი კანონმდებლები - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ფეხზე ადგნენ. ბევრ მათგანს ხელში უკრაინის დროშა ეჭირა, რომლებსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ბაიდენის მისვლამდე არიგებდნენ.

"[პუტინი] თვლიდა, რომ უკრაინაში შეჭრას შეძლებდა და მსოფლიო უკან დაიხევდა. ამის ნაცვლად, მას დახვდა იმ ძალის კედელი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა. მას დახვდა უკრაინელი ხალხი, - თქვა ბაიდენმა, - პრეზიდენტ ზელენსკის და ყველა უკრაინელის უშიშარი ხასიათი, გაბედულება, მიზანმიმართულობა მთელ მსოფლიოს შთააგონებს".

ბაიდენმა გამოსვლის წინასწარ მომზადებულ ტექსტს გადაუხვია და თქვა, რომ პუტინს "წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება".

"ეს გაკვეთილი მთელი ჩვენი ისტორიიდან გვაქვს ნასწავლი - როცა დიქტატორები თავიანთი ნაბიჯებისთვის საფასურს არ იხდიან, ისინი მეტ ქაოსს იწვევენ, მოქმედებას განაგრძობენ. და ამერიკის და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და საფასური იმატებს.

ნატოს ალიანსი ამიტომ შეიქმნა, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზრუნველეყო მშვიდობა და სტაბილურობა. აშშ ალიანსის წევრია, კიდევ 29 სხვა სახელმწიფოსთან ერთად.

ეს მნიშვნელოვანია. ამერიკული დიპლომატია მნიშვნელოვანია.

პუტინის ომი წინასწარ დაგეგმილი და სრულიად არაპროვოცირებული იყო. მან უარყო რამდენიმე დიპლომატიური ძალისხმევა. ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო მას არ უპასუხებდნენ. და ფიქრობდა, რომ ჩვენ აქ, ჩვენს სახლში დაგვყოფდა.

პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით", - თქვა ბაიდენმა თავის გამოსვლაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა მოკავშირეებთან ერთად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დაასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ და სამხედრო ძალას მომავალი წლების განმავლობაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ აშშ, კანადის და ევროკავშირის კვალდაკვალ, აკრძალავს რუსეთის თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ბაიდენის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამზადებს საგანგებო ჯგუფს, რომელიც დაუპირისპირდება რუსი ოლიგარქების დანაშაულებს.

"პუტინმა შესაძლოა კიევს ტანკებით შემოარტყას ალყა, მაგრამ ის ვერასოდეს დაიპყრობს უკრაინელი ხალხის გულებს და სულებს, - თქვა ბაიდენმა, - ის ვერასოდეს ჩააქრობს თავისუფლებისადმი მათ სიყვარულს. ვერასოდეს დაასუსტებს თავისუფალი მსოფლიოს მიზანმიმართულებას".

დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში დემოკრატიები ძლიერდებიან, მაგრამ ამ ბრძოლას დრო დასჭირდება - თქვა ბაიდენმა.

თავის გამოსვლაში ბაიდენი ასევე შეეხო ინფლაციასთან და უკან დახეული, მაგრამ მაინც სახიფათო კორონავირუსთან ბრძოლის გეგმებს.

ბაიდენის გამოსვლის ფონზე, უკრაინაში შეჭრის მეექვსე დღეს რუსეთის ძალები უფრო ინტენსიურად უტევდნენ ქალაქებს. მათ დაბომბეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი კიევში და ხარკოვში, რასაც სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ ათობით პირი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ძალებმა შეანელეს რუსეთის არმიის წინსვლა და ხარკოვს ისევე, როგორც სანაპირო ქალაქებს, ხერსონს და მარიუპოლს, კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, სამივე ქალაქი ალყაშია - იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG