Accessibility links

site logo site logo

რადიაციამ არ იცის სად არის თქვენი ქვეყნის საზღვარი! - ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრეზიდენტის ოფისიდან განხორციელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ, ეს საერთოდ როგორ შეიძლება?! 1986 წელს ჩვენ ხომ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფას?! უნდა გახსოვდეთ აფეთქების გამო გაფანტული ცხელი გრაფიტი! მსხვერპლი! უნდა გახსოვდეთ დანგრეული ენერგობლოკის თავზე ნათება! უნდა გახსოვდეთ პრიპიატის 35-კილომეტრიანი ზონიდან ევაკუაცია! ამის დავიწყება როგორ შეიძლება? და თუკი არ დაგვიწყებიათ, მაშინ თქვენი სიჩუმე არ შეიძლება. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და უთხრათ, რომ გსურს იცოცხლოთ, რომ გსურთ იცოცხლოთ დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთი; რადიაციამ არ იცის, სად არის თქვენი ქვეყნის საზღვარი!“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იბრძვიან ძლიერი, მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რომელიც აღჭურვილობით აჭარბებს უკრაინის შესაძლებლობებს, მაგრამ „ათასი სინათლის წელიწადითაა დაშორებული ღირსების მქონე ნორმალურ ადამიანებს“.

მისი სიტყვებით, წუხანდელ ღამეს შეეძლო შეეჩერებინა უკრაინისა და ევროპის ისტორია.

ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.

დღეს დილით, უკრაინული მედიასაშუალებები ორლოვზე დაყრდნობით წერენ, რომ იმ დროისთვის ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს.

ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG