Accessibility links

site logo site logo

წამყვანი ამერიკელი სენატორი ნატოს წევრ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს


სენატორი ბობ მენენდესი

აშშ-ის წამყვანი სენატორი ბობ მენენდესი დაჟინებით მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ნატოს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ.

დემოკრატმა ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა. საუბარია მიგ-29 და სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვა უკრაინელ პილოტებს, სპეციალური მომზადების გარეშე, იოლად შეუძლიათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამჟამად კონსულტაციებს მართავს პოლონეთთან და ნატოს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებთან ამ ტიპის რუსული თვითმფრინავების უკრაინისათვის გადაცემის საკითხის გარშემო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების „მიგები“ უკრაინას და ამის სანაცვლოდ ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი იოლი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს მიიღებენ ბულგარეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთისგან.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები ბაზირებული იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG