Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სიცრუე უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინამ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. საკის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთის ამ სიყალბეს და პროპაგანდას, როგორც ჩანს, ჩინეთიც მიემხრო, შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, ან ეს ოპერაცია ჩაატაროს ყალბი დროშით.

9 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ქიმიური შეტევის მზადებაში. კონაშენკოვის თქმით, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ ზოლოჩოვში „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ჩაიტანეს 80 ტონამდე ამიაკი და ადგილობრივ მცხოვრებთ ასწავლიან, როგორ უნდა იმოქმედონ ქიმიური შეტევის შემთხვევაში. უკრაინამ ამ განცხადებას უწოდა სიცრუე და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი წერს, სწორედ რუსეთი განაგრძობს სირიაში ქიმიური იარაღის არაერთხელ გამომყენებელი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას და საერთაშორისო სამართლის დარღვევით დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნას. საკის განცხადებითვე, სწორედ რუსეთი იყენებს ქიმიურ იარაღს პუტინის პოლიტიკური მეტოქეების მკვლელობისა და მოწამვლისთვის. თეთრი სახლის პრესმდივანს მაგალითად მოჰყავს ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG