Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება ლავროვთან მოლაპარაკებაზე: პროგრესს ვერ მივაღწიეთ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ანტალიაში გამართული მოლაპარაკების პროცესის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ ვერც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ლავროვისგან ვერც ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის საჭირო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების დაპირება მოისმინა.

ამ რაუნდზე ვერავითარი პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამით უნდა დაკავდნენ რუსეთში სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები, მოვილაპარაკეთ, რომ განვაგრძობთ ძალისხმევას ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად. მე მზად ვარ ამ ფორმატში მორიგი შეხვედრისთვის, თუ იარსებებს არეალი არსებითი დისკუსიისთვის“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისი სიტყვებით, მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც ომის შეწყვეტა, მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულება და რუსული ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლებაა.

კულებამ მადლობა გადაუხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს, მისი მაღალპროფესიული მცდელობისთვის, დაეახლოებინა მხარეთა პოზიციები.

ამის შემდეგ კულებამ მოლაპარაკების დღევანდელ რაუნდთან დაკავშირებით უკრაინულადაც ისაუბრა.

მე ამ შეხვედრაზე ორი მიზნით ჩამოვედი, პირველი, მარიუპოლის მიმართულებით და იქიდან ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზება. ამ ქალაქში ყველაზე მეტად რთული მდგომარეობაა ახლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მეორე საკითხი, მოგველაპარაკა, თუნდაც, 24-საათიან ზავზე, რათა მოგვარებულიყო ომით მოცული მოსახლეობის საკითხები“, - განაცხადა კულებამ, რომლის თქმითაც, ვერცერთ საკითხზე სათანადო პასუხი ვერ მიიღო.

მისი თქმით, საკითხების დიპლომატიური გზებით მოგვარების ძიებასთან ერთად, განაგრძობენ უკრაინის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც დღეს, 10 მარტს გაიმართა, მონაწილეობდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

რუსეთი განწყობილია უკრაინასთან სერიოზული დიალოგისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თანახმად, კულებასთან განიხილა უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია და დაადასტურა, რომ მოსკოვის ინიციატივა ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღიურად გახსნის შესახებ ძალაში რჩება.

ლავროვის განცხადებითვე, დიალოგის ძირითად არხად რჩება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის ტერიტორიაზე, სადაც სამი რაუნდი უკვე შედგა და რუსეთი ელოდება თავის წინადადებებზე უკრაინის პასუხს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმასაც.

ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" შეწყდება, თუ უკრაინა დათანხმდება ნეიტრალურ სტატუსს, ყირიმს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად და ცნობს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას". ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობის დაწყებაა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG