Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: მე შიმშილობას ვწყვეტ


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას წყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი მან "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ პოსტში ახსნა:

"მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!" - აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა 21 თებერვალს "ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის" მოთხოვნით გამოაცხადა. ის მკურნალობაში მისთვის მისაღები ექიმების ჯგუფის ჩართვას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს, 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში, რომლის მოქალაქეც სააკაშვილია, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ დღეს, მორიგ სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ მზად იყო სამკურნალოდ უკრაინაში ჩასულიყო.

უკვე მეთხუთმეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG