საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე, დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომელიც 1992-1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი, ახლა ოჯახთან ერთად ფლობს სატელეფონო და ინტერნეტსევრისების რამდენიმე კომპანიას - ამის შესახებ საუბარია "ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის" [IDFI] მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში რუსულ კაპიტალს შეეხება.
ფრიდონ ინჯია მოქმედი პარლამენტარია და წარმოადგენს პარტიას “ევროპელი სოციალისტები”. ის დაკავშირებულია კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე 4 ორგანიზაციასთან: "ახალი ქსელები", "სისტემ ნეტი", "ფოპნეტი" და "CGC". "ფოპნეტის" ვებგვერდის მიხედვით, მისი პარტნიორია რუსული კომპანია “ ვესტელკომი ”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის" შვილობილი კომპანიაა.
"IDFI"-ის კვლევის მიხედვით, "ახალი ქსელებისა" და "CGC"-ის მეშვეობით, ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-ს, ინჯიას კომპანიები კი ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-საც იკავებენ. “სისტემ ნეტი” და “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპნეტი ” საბითუმო ბაზარზე ოპერირებენ.
ფრიდონ ინჯიას და მისი ოჯახის წევრების წილობრივი მონაწილეობა 4 საკომუნიკაციო კომპანიაში ასეთია:
- "ახალი ქსელები" - 46.238%;
- „სისტემ ნეტი” (LTD System Net) - 49,89%;
- "ფოპნეტი" - 75,3%;
- "GGC" - 49%;
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რუსულ კაპიტალთან საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს კი ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის.