Accessibility links

site logo site logo

HRW: ჰააგის სასამართლო პასუხს მოსთხოვს ხარკოვზე თავდამსხმელებს


საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველ 11 დღეში, რუსეთის სარაკეტო დარტყმების და ავიაიერიშების შედეგად, 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ დღეს, 18 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხარკოვზე თავდასხმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქალაქის მცხოვრებნი დარჩნენ საკვების, მედიკამენტების, ელექტროენერგიის, გათბობის და წყლით მომარაგების გარეშე.

დანგრეული საცხოვრებელი სახლი ხარკოვის ცენტრში
დანგრეული საცხოვრებელი სახლი ხარკოვის ცენტრში
დანგრეული საცხოვრებელი რაიონი ხარკოვში
დანგრეული საცხოვრებელი რაიონი ხარკოვში
ხარკოვის ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი სარაკეტო დარტყმის შემდეგ
ხარკოვის ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი სარაკეტო დარტყმის შემდეგ

Human Rights Watch-ი ადასტურებს რუსული არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენებას. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე თავდასხმა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

რუსული რაკეტის ფრაგმენტები ხარკოვში
რუსული რაკეტის ფრაგმენტები ხარკოვში

„რუს სამხედროებს შეიძლება ეგონოთ, რომ ხარკოვზე თავდასხმებისას ომის კანონების იგნორირების უფლება აქვთ, მაგრამ დამნაშავეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოსთხოვს პასუხს ომის დანაშაულისთვის“, - განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპასა და შუა აზიაში ჰიუ უილიამსონმა.

რუსული არმია უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვს ინტენსიურად უტევს უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან. ომის დაწყებამდე ქალაქში 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება 28 თებერვალს დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG