ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მოლოდინში, მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ეკლესიის კარები ჩაკეტეს.
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მიტროპოლიტის მხარდამჭერი მრევლი და მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. დაძაბულობა პოლიციის დახმარებით განიმუხტა. თუმცა, დროდადრო ისევ მატულობს. ისმის შეძახილები: “წადით მამათმავალი პატრიარქის მხარდამჭერებო”, “ქათმებო”, “ფარშავანგები”.
მრევლი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები, ითხოვდა ტაძრის გაღებას, რათა მიტროპოლიტს ეკლესია ღია დახვედროდა და წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება მისცემოდა. თავის მხრივ, მათ მოთხოვნას უარით პასუხობდნენ “ამბოხებული” სასულიერო პირები.
საბოლოოდ, მრევლმა ეკლესიის კარის გაღება შეძლო და ახლა მიტროპოლიტის მოლოდინშია. ადგილზე რჩებიან განკვეთილი სასულიერო პირებიც და ამბობენ, რომ მეუფეს ეკლესიაში არ შეუშვებენ.
როგორც საპატრიარქოს ჩოხოსნების საზოგადოების ხელმძღვანელმა ზვიად სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილზე მისულებს სამრეკლოდან ზარებიც კი ჩამოხსნილი დახვდათ და ახლის დაკიდება მოუწიათ.
“ჩვენ მოვედით წირვაზე, დიდი მარხვაა და წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ამ ამბოხებულებმა ჩაკეტეს კარი და წირვის საშუალებას არ აძლევენ მღვდელმთავარს, რომელიც ელოდება, რომ გაიღება კარი, რათა ჩაატაროს წირვა. ამათ რაც უნდოდათ, ის ცირკი დადგეს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, ჩვენც საკადრისი პასუხი გავეცით. ჩვენ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”, - განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა.
თავის მხრივ, მღვდელმთავარ სტეფანესთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბობენ, რომ “ცრუ მეუფეს” არ მისცემენ ეკლესიაში შესვლის უფლებას.
მღვდელმთავარ სტეფანეს მიერ ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ათინოგენ მდივნის თქმით, მაშინ როცა მთელი მსოფლიო რუსეთის აგრესიას გმობს და მხარს უჭერს უკრაინას, მეუფე საკვირაო ქადაგებისას ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო.
“პატრიარქის გვერდში მდგომს, ჩვენი ერის და მართლმადიდებლობის საშინლად მგმობელს, მატყუარას და ურცხვ კაცს, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. იმიტომ რომ ის არის ცრუ, მე ვდებ მას ბრალს სამშობლოს გაყიდვაში. ჩვენ, 2008 წელს აქ მებრძოლები იყვნენ მოსულები, რუსულ ჯარს გამოქცეულები ჩვენ შევიფარეთ, მაშინ რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ყველა ვტიროდით, სამშობლოს გვინადგურებდნენ. ამის გახსენების მაგივრად, უნამუსოდ ამბობს, ჩვენ რომ არ შევეჩხიკინებინა, ეს არ იქნებოდაო. ვინ დაპატიჟა რუსეთი ჩვენს სამშობლოში? ვინ სთხოვა რუსეთს ჩვენს სამშობლოში შემოსვლა? ყველა ის მღვდელმსახური, ვინც მას ემორჩილება, არის მატყურა და ცრუ. ყველაფერს ველოდებით ამათგან, ესენი არიან "კაზაკები", რუსოფილები", - განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა ათინოგენ მდივანმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.
პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.