Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ევროკავშირს წელს მიაწვდის, სულ მცირე, 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს


 ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ევროკავშირმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბლოკი ოკეანის გადაღმიდან წელს მიიღებს, სულ მცირე, 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს.

აღნიშნული ნაბიჯის მიზანია რუსეთის გაზის იმპორტისგან დამოუკიდებლობის მიღწევა. განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოაცხადეს მიზნობრივი ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია, რუსეთის წიაღისეულ საწვავზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ.

„დღეს ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად შევათანხმეთ ერთობლივი გეგმა, რითაც დავაჩქარებთ წინსვლას უსაფრთხო, სუფთა ენერგიის მომავლისკენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს ინიციატივა ასევე ემსახურება ენერგიის განახლებადი წყაროების მაქსიმალურ გამოყენებას და ენერგიის მოხმარების შემცირებას. ბაიდენის სიტყვებით, ამ ინიციატივას აქვს ორი მიზანი: „ერთი, დავეხმაროთ ევროპას, რაც შეიძლება მალე შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და მეორე, მთლიანობაში შემცირდეს აირის მოხმარება ევროპაში“.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება შეიძლება მხოლოდ დამატებითი წყაროებიდან აირის მიღებით. „აშშ-ის მხრიდან ევროკავშირისთვის 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის მოწოდება დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რადგან ის შეცვლის თხევად გაზს, რომელსაც რუსეთიდან ვიღებთ“, - დასძინა მან.

შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარე შეეცდება 2030 წლისთვის აშშ-დან ევროპაში გაზის მიწოდება 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG