Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 143 ბავშვი ემსხვერპლა


უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ლვოვში. 2022 წლის 18 მარტი.
უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ლვოვში. 2022 წლის 18 მარტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 143 ბავშვი და დაჭრილია - 216. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი, 67 ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების თანახმად, რუსი სამხედროების სამიზნედ იქცა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 - მთლიანად დანგრეულია.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

XS
SM
MD
LG