Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკება 29 მარტს სტამბულში გაიმართება


რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ომის შეწყვეტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 29 მარტს სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. თურქული სააგენტოები იუწყებიან, რომ რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტამბულში.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ უკრაინის დელეგაცია თურქეთში 28 მარტს, საღამოს ჩავა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება და გასტანს ორ დღეს, მაგრამ, შესაძლოა, მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის კანცელარიამ განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვის თაობაზე.

წუხელ მორიგ სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „წინაა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ, დაუყოვნებლივ... ჩვენი მიზნები ცხადია - მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა.“

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისგან გარღვევას არ უნდა ველოდეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა. მისი სიტყვებით, მოსკოვი უკვე შეთანხმების მიღწევის შემდეგ იქნება მზად ასეთი შეხვედრისთვის.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ე.წ. "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" საკითხები კვლავაც პრინციპულია რუსეთისთვის.

გუშინ რუსეთის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ განიხილავს ამ საკითხებს, ვინაიდან არ არის ცხადი, რას ნიშნავს ეს.

"უკრაინსკა პრავდა" წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები მზად არ არიან ოკუპანტებთან დათმობებზე წავიდნენ და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას.

XS
SM
MD
LG