Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: უკრაინის შეიარაღებული ძალები გადარჩენის ერთადერთი გარანტიაა


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების პროცესს. როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, უკრაინის გადარჩენის ერთადერთ გარანტიას შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ.

„უკრაინის თავდაცვა - ეს არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა, ხოლო სხვა დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. ზუსტად ამის საფუძველზე განვიხილავ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც გრძელდება სხვადასხვა დონეზე რუსეთის წარმომადგენლებთან. მტერი ამ დრომდე ჩვენს ტერიტორიაზეა. ჩვენი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. მარიუპოლი ჩაკეტილია. სარაკეტო და საავიაციო შეტევები არ წყდება. ეს რეალობაა. ეს ფაქტებია. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ყველა, ვინც შემოუერთდა სახელმწიფოს თავდაცვას - ეს დღეისთვის ერთადერთი გარანტიაა ჩვენი გადარჩენის. როგორც ხალხის. როგორც სახელმწიფოსი. გარანტია, რომელიც მუშაობს. დიახ, შეიძლება პოზიტიური უწოდო იმ სიგნალებს, რომლებიც ჩვენ გვესმის მოლაპარაკების მოედნიდან. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობენ რუსეთის ჭურვების აფეთქებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

29 მარტს სტამბოლში „დოლმაბაჰჩე“- ს სასახლეში გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებული არიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG