Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს


კრემლის პრესმდივანმა „ემოციების არაკეთილმოსურნეებისთვის დატოვება“ ურჩია მათ, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარი უნდა თქვას და „კიევი აიღოს“.

დმიტრი პესკოვს დღეს, 30 მარტს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსი ექსპერტების ნაწილის მოსაზრებაზე, რომ რა საჭიროა მოლაპარაკება, როცა „საბრძოლო მოქმედებების კალენდარში უკვე სტალინგრადია“.

„არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს“, - განაცხადა პესკოვმა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკებით დაკავებული არიან პროფესიონალები და მათ უნდა ენდონ.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG