ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც ადრე ვლადიმირ პუტინით აღფრთოვანებული იყო, 2013 წელს კი რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტს, იტყობინებიან Le Figaro და სააგენტო France press-ი. დეპარდიემ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას უწოდა პუტინის „უგუნური და დაუშვებელი ექსცესი.“ ფრანგი მსახიობი მიიჩნევს, რომ რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი თავისი ხელმძღვანელების მიუღებელი მოქმედებისთვის.
დეპარდიემ გამოაცხადა, რომ პარიზში მისი შემდგომი სამი კონცერტიდან მიღებული მთელი შემოსავალი ომის უკრაინელ მსხვერპლებს გადაეცემა. 1 მარტს დეპარდიე უკვე გამოვიდა ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოწოდებით.
ცნობილმა, მაგრამ წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე დეპარდიემ საფრანგეთი დატოვა ძალიან მდიდრებისთვის გადასახადის მიმართ პროტესტის ნიშნად და 2013 წლის იანვარში ვლადიმირ პუტინისგან რუსეთის პასპორტი მიიღო.
2015 წელს დეპარდიე უკრაინამ შეიყვანა შავ სიაში და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ხუთი წლით მისი გამოთქმების გამო, რომლებიც ეხებოდა დამოუკიდებელ უკრაინას. დეპარდიემ თავის დროზე თქვა: „მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია“. მას არასოდეს უარუყვია ნათქვამი და პუტინთან მეგობრობაზეც სიამოვნებით ლაპარაკობდა.
დაწერეთ კომენტარი