Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას „გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას" უწოდებს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს.

„სრული ლუსტრაციის დრო დადგა!

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!.." - წერს მდინარაძე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს უკრაინული მხარე და ამატებს: „საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG