Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედ პრაისი: ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას შეეხებოდა. უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსი აგენტები კონტრაბანდის ქსელს აყალიბებენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, რასაც ხელს არ უშლიან ქართული სპეცსამსახურები პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით.

პრაისს ჰკითხეს, აქვს თუ არა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ცნობა და რა შედეგებს შეიძლება დაექვემდებაროს ქვეყანა, რომელიც რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ეცდება. ნედ პრასის თქმით, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აქვთ და ამასთან არ იმყოფება პოზიციაში, განმარტება გააკეთოს შეკითხვაში ნახსენებ ბრალდებებზე.

ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გასულ კვირას, თუმცა ქართველ ხალხს საღად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მცდელობები, წაგლიჯოს სუვერენული ტერიტორიები. ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ვხედავთ, რომ კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნას“, - თქვა ნედ პრაისმა.

მან, კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ ქვეყნები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ეცდებიან მხარი დაუჭირონ კრემლს და მის საომარ ძალისხმევას ფინანსური ან სამხედრო თვალსაზრისით, „დადგებიან შედეგების წინაშე“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს.

რადის დეპუტატის თქმით, საქართველოზე მტკიცებულებები ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG