Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი უკრაინას სთხოვს კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებები გამოუგზავნოს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეორე დღეს პასუხობს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს სთხოვს შესაბამისი მტკიცებულებები მოაწოდონ.

"აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ სუსში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე სუსის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს", - აცხადებენ სუსში.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG