Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: უკრაინის ბრალდება უნდა გადამოწმდეს, თუ არ დამტკიცდა, ბოდიში უნდა მოიხადონ


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს, გაკონტროლდეს ყველა ის ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში გადის. მისი თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეს უნდა იყოს საქართველოს პასუხი უკრაინის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებაზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

"ეს არის უმძიმეს ბრალდება. მსგავსი სიმძიმის ბრალდებებს სჭირდება მტკიცებულებები. მე სანამ მტკიცებულებებს არ ვნახავ, მანამ პოზიციას არ და ვერ ჩამოვაყალიბებ... თუ ეს არის ტყუილი, ამას შესაბამისი რეაქცია ექნება ჩვენი გუნდის მხრიდანაც... ამას სჭირდება ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რომ მოხდეს შემოწმება. თუ არის ტყუილი, უნდა მოჰყვეს უკრაინული მხრიდან განმარტება - საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია...

ამას უნდა გამოძიება და მტკიცებულებები და თუ ეს ასე არ იქნება, უკრაინულმა მხარემ უკან უნდა წაიღოს ეს განცხადება და [ბოდიში უნდა მოიხადოს], რა თქმა უნდა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტყუილი უწოდა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"ჩვენი შეფასებით ეს არის ტყუილი, ვინაიდან არც მტკიცებულება წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ მოველით განმარტებებს უკრაინის შესაბამისი სტრუქტურებიდან", - თქვა მან.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG