Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ ყოფილ დირექტორს სამეურვეო საბჭოში შესვლა სურს


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ ყოფილ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძესა და გია ჭანტურიას, ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შესვლა სურს. მათ შესაბამისი დოკუმენტები უკვე წარადგინეს წევრების შესარჩევ კომისიაში.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გია ჭანტურია კი მაუწყებლის გენერალური დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო. ორივე მათგანმა თანამდებობა დროზე ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვა. სამეურვეო საბჭო გარანტიაა მაუწყებლობის დამოუკიდებლობის, თუმცა ორივე მათგანის დირექტორად მუშაობის დროს, არსებობდა ამ მიმართულებით კითხვები.

მოქმედ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ორივე მათგანთან მუშაობის გამოცდილება აქვს - მათი დირექტორობის დროს, ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 12-მა კანდიდატმა შეიტანა. მათგან თითო-თითო კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან საპარლამენტო უმრავლესობა ("ქართული ოცნება"), საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი პარტიები და სახალხო დამცველი.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა 2020 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა. მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, არ დასმულიყო კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - განაცხადა მან.

ვასილ მაღლაფერიძე 2021 წლის იანვარში სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა. მის CV-ში ეს მონაცემები არ არის შეტანილი.

გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2009-2012 წლებში მუშაობდა. იმ დროსაც არსებობდა კითხვები მაუწყებლის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

ორივე მათგანის გადადგომის შემდეგ მაუწყებლის დირექტორები მათი მოადგილეები გახდნენ.

სამეურვეო საბჭოს წევრობა ასევე სურთ:

  1. ალექსი ნონიაძეს - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" აპარატის თანამშრომელი, საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;
  2. ბელა კოპალიანს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე;
  3. გიორგი იასაშვილს - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტი;
  4. გუგული მაღრაძეს - ყოფილი დეპუტატი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით;
  5. დოდო შონავას - სხვადასხვა წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კონსულტანტი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამსახურის უფროსი, მაუწყებლის მე-2 არხის გენერალური პროდიუსერი;
  6. ზაზა ხუციშვილს - მომღერალი, ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან";
  7. ლაშა ტუღუშს - თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე;
  8. ლიკა შავგულიძეს - ჟურნალისტი, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის, eugeorgia.info-ს, მთავარი რედაქტორი;
  9. მარინა გიორგაძეს - პარლამენტის პრესცენტრის სპეციალისტი;
  10. არინა თავაქარაშვილს - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2018 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული საბჭოს წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს - საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს, სამს - უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატები, ორს - სახალხო დამცველი, ერთს კი აჭარის უმაღლესი საბჭო. ამჟამად საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე და თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე. საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან, ეს ვადა ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას 18 აპრილს ეწურებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG