Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იმედგაცრუებას გამოხატავს მაკრონის ნათქვამით, რომ უკრაინელები და რუსები "ძმები" არიან


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ გამოეყენებინა და უკრაინელ და რუს ხალხებს „ძმები“ უწოდა.

„იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არ სურს, აღიაროს უკრაინელების გენოციდი რუსეთის ხელისუფლების ყველა გულწრფელი განცხადებისა და რუსეთის სამხედროთა დანაშაულებრივი მოქმედებების შემდეგ. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზის გამო, მაგრამ რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ მითმა ნგრევა დაიწყო 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში აგრესიის შემდეგ. მაშინ რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ. მაგრამ 8 წლის განმავლობაში მოკლეს 14 ათასი უკრაინელი. ეს მითი საბოლოოდ დაინგრა, როცა თებერვალში რუსეთის პირველი რაკეტები გაფრინდა უკრაინის ქალაქებისკენ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეჰ ნიკოლენკოს კომენტარში.

„‘მოძმე’ ხალხი არ ხოცავს ბავშვებს, არ ხვრეტს სამოქალაქო პირებს, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანადგურებს მეორე ‘მოძმე’ ხალხის სახლებს. დაუცველი ადამიანების მიმართ სიმხეცეს ყველაზე გააფთრებული მტრებიც კი არ მიმართავენ. ჯერჯერობით არ არსებობს არც მორალური, არც რეალური საფუძველი რუსეთისა და უკრაინის ხალხების ‘ძმურ’ კავშირებზე სალაპარაკოდ“, - დასძინა ნიკოლენკომ.

მანამდე ტელეარხ France 2-ის ინტერვიუში მაკრონმა უარი თქვა „გენოციდი“ ეწოდებინა რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინელთა მკვლელობებისთვის. მაკრონმა თქვა: „დღეს ასეთ ტერმინებს მოვუფრთხილდები, ვინაიდან ეს ორი ხალხი ძმები არიან“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 აპრილს პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ იმ მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებსაც მიმართავს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე.

მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

ასეთი რიტორიკის გამოყენებას ჯერჯერობით არავითარი იურიდიული შედეგები არ ახლავს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს.

XS
SM
MD
LG