რუსეთმა " განუსაზღვრელი ვადით" აუკრძალა ქვეყანაში შესვლა აშშ-ის 29 მოქალაქეს, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, "მუდმივად გაფართოებული ანტირუსული სანქციების საპასუხოდ." სანქციები, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ნათქვამი, დაუწესდა იმ "უმაღლესი რანგის ლიდერებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, ასევე არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლეებს, რომლებიც ქმნიან რუსოფობიურ დღის წესრიგს."
სიის სათავეში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია. სიაში ასევე შედის მისი მეუღლე დუგლას ემჰოფი, რუსეთში ექსტრემისტულად აღიარებული კორპორაცია "მეტას" ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი, ტელეწამყვანი ჯორჯ სტეფანოპულოსი, CNN-ის ჟურნალისტი ბიანა გოლოდრიგა და Medusa-ს ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი.
მანამდე რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და სხვა მაღალჩინოსნებს აუკრძალა რუსეთში შესვლა, დიდი ბრიტანეთის "მტრული" პოზიციის გამო უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ასევე აკრძალული აქვთ რუსეთში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს და 10 სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსს - ძირითადად კაბინეტის წევრებს.
მარტში მოსკოვმა მსგავსი აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართ დააწესა.
ერთი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებმა გამოაცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, რომლებიც მოიცავდა ფინანსურ ზომებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად და იმ მაღალი თანამდებობის პირების შესაზღუდად, რომლებმაც სარგებელი მიიღეს პუტინის რეჟიმის პირობებში.
თავის მხრივ, რუსეთი აპირებს მომავალშიც გაზარდოს იმ მაღალჩინოსნების სია, რომელთაც აეკრძალებათ რუსეთში შესვლა.