Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ФСБ-ს ცნობით, აღკვეთეს ვლადიმირ სოლოვიოვის დაგეგმილი მკვლელობა


ვლადიმირ სოლოვიოვი
ვლადიმირ სოლოვიოვი

რუსეთის ФСБ (უშიშროების ფედერალური სამსახური) იუწყება, რომ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, დასავლეთის მიერ სანქცირებული ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას „რუსეთში აკრძალული ნეონაცისტური ტერორისტული ორგანიზაცია, National Socialism/White Power (ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალა, ძალაუფლება) გეგმავდა“.

ФСБ-ს თანახმად, დაკავებულები რუსეთის მოქალაქეები არიან და ისინი „ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით გეგმავდნენ“.

სააგენტო „ინტერფაქსს" მოჰყავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ციტატა, რომლის თანახმად, „ჯგუფის წვერები იძლევიან აღიარებით ჩვენებას სოლოვიოვის მკვლელობის მზადებასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც ისინი უცხოეთში მიმალვას აპირებდნენ“.

ФСБ-ს ვებსაიტის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში ორგანიზაცია "National Socialism/White Power" 2021 წლის ივნისში შეიტანეს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

სოლოვიოვმა თავის გადაცემაში 23 აპრილს თქვა, რომ [უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ჩემ გამო დაიჩივლა და ითხოვა ჩემთვის მიეხედათ“.

როგორც გამოცემა „მედიაზონა“ (რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოურ აგენტადაა გამოცხადებული) წერდა, 2014 წელს დაჯგუფება National Socialism/White Power"-ის საქმეზე 11 ადამიანს ასამართლებდნენ, მათი ნაწილი დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო.

„მედიაზონის“ მონაცემებით, მათ 2009-2010 წლებში 10 ადამიანის ეთნიკური ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობასა და მკვლელობის 4 მცდელობაში სდებდნენ ბრალს.

მათ ასევე ბრალს სდებდნენ ხულიგნობის, იარაღით ვაჭრობისა და ტერორისტული თავდასხმის ცრუ შეტყობინების რამდენიმე ეპიზოდში.

სასამართლომ ბრალდებულებს 3-დან 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ერთ-ერთ ბრალდებულს ორწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

იმის თაობაზე, რომ ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა ტერორისტული ორგანიზაცია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 25 აპრილს, განაცხადა, თუმცა არ დაუსახელებია ჟურნალისტის ვინაობა.

„რა თქმა უნდა, ისინი ამას ახლა უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“, - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს „ინტერფაქსი“.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პროკურატურამ და გამომძიებლებმა ამ და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით უნდა შექმნან მტკიცებულებათა ბაზა, „რომელიც გამოყენებული იქნება სასამართლო განხილვებისას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG