Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იუდა" - მიტროპოლიტ სტეფანეს შეძახილებით შეხვდნენ

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე წაჩხურის მონასტერში. 28 აპრილი, 2022 წელი
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე წაჩხურის მონასტერში. 28 აპრილი, 2022 წელი

ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, სადაც დღეს წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება იყო.

ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად მისულ ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს მის მიერ განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისინი მიტროპოლიტს შეხვდნენ შეძახილებით - "იუდა" და მისი მიმართულებით ისროდნენ ხურდა ფულს.

ერთ-ერთმა განკვეთილმა სასულიერო პირმა, დანიელ გვილავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდაპირველად ისინი მიტროპოლიტის ტაძარში მისვლის წინააღმდეგი არ ყოფილან და არსებობდა შესაბამისი შეთანხმებაც, თუმცა დაპირისპირება გამოიწვია ჩოხოსნების ქცევამ, როცა განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვის უფლება არ მისცეს:

თანახმა ვიყავით, რომ მოსულიყო, ეწირა და წასულიყო, მაგრამ ძალადობით ჩვენი გაწყობილი ხატები დაგვირბიეს, დაგვიმტვრიეს და გადაგვთელეს. ამის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცით და სახელი დავარქვით - ე.წ იუდაა და 30 ვერცხლი მივეცით კიდეც… მათ უნდოდათ ჩვენი აქედან გაგდებაც, მაგრამ არ დავთმობთ, ვიცით, რომ მართლები ვართ”, - განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა დანიელ გვილავამ.

ამ წუთებში მონასტერში წირვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს, ყოველი აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი ჰყავს. ამ დღეს აღინიშნება წაჩხურობა, ტაძარში მოსალოცად შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანები მიდიან. ტარდება სპეციალური ლოცვა უშვილოთათვის.

რაც შეეხება დაპირისპირებას სასულიერო პირებს შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში ის 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

XS
SM
MD
LG