Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს შევსებულ კითხვარს


ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს მთავრობა ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს შევსებულ კითხვარს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილსაც გაასაჯაროებს.

აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, ასე ვთქვათ, სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის, მოგეხსენებათ, სექტორული ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია. აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა და აღნიშნულ კითხვაზე მუშაობა დაწყებული აქვთ უწყებებს და საქვეუწყებოებს. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დადგენილი ვადები გაზიარების არის 13 მაისი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კითხვარის ბოლოს ნაწილზე რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვარზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე მოლოდინთან დაკავშირებულ კითხვაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რეფორმირების მნიშვნელოვანი პროცესი გაიარა და „განვლილი გზა გვაძლევს [იმის თქმის] საშუალებას, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის... და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი სიტყვებით, რაც შეეხება კითხვარის პირველ ნაწილზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას, „არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“.

11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარის პირველი ნაწილი ჩაიბარა. პასუხგასაცემი სულ 369 კითხვაა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გადასცა.

ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეაფასებენ, მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.

კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს.

საქართველო ასევე მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილსაც, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დააბრუნეს შევსებული კითხვარები.

XS
SM
MD
LG