Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოს“ ლიდერები: „ბორჯომი“ სამაგალითოდ ვმართეთ, მისი განვითარების შესახებ ჰარვარდში ასწავლიან


პარტია „ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა კომპანია „ბორჯომის“ სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ლელოს“ ლიდერები ხსნიან, რომ ამ განცხადებით უპირისპირდებიან მმართველი პარტიის „მცდელობას, ფაქტების გაყალბების გზით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები“.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მათ ხელში „ბორჯომის“ კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ ჰოლდინგად, რომელიც მინერალური წყლების ჩამოსხმას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებდა. „2002 წელს კომპანიის თავდაპირველი ინვესტორების გამოსყიდვა მოხდა საინვესტიციო ფონდ „სელფორდის“ მიერ, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და მისი პარტნიორები. 2013 წელს „სელფორდმა“, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ირაკლი რუხაძე - „ტვ იმედის“ დღევანდელი მმართველი, „ბორჯომის“ ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა „ალფა კაპიტალზე“, რუსულ საფინანსო ჯგუფზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

29 აპრილს მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG