Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მიმართავს: მომინახულეთ, როგორც პაციენტი


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ციხიდან მიმართავს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას სურს, რომ ციხეში მოინახულონ, როგორც პაციენტი.

„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.

ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!" - ნათქვამია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს, 4 მაისს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

დღსვე ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს მისი გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის მოთხოვნით 4 მაისს აქცია გამართა ქუთაისელი ექიმების ნაწილმაც.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG