Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ უკრაინელების დასახმარებლად 7 მილიონი დოლარი გამოყო


ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში, უკრაინის მსხვილ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში, უკრაინის მსხვილ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე

პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის, „უკრაინისთვის“, ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და აგრძელებს რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

„ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს", - დაამატა ღარიბაშვილმა.

„კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG