Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური დავის მედიატორი "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას დაჰპირდა


კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია დღეს, 8 მაისს, ბორჯომში ჩავიდა. ის "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებს ხვდება. მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს მოლაპარაკებას. სამსონიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა გასულ კვირაში, 4 მაისს აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ მათ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ასევე, კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. დასაქმებულები კომპანიისგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ ამგვარი ხელშეკრულება დროებითი იქნება და საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, აქამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებს დაუბრუნდებიან.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.

29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

XS
SM
MD
LG