Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში საბჭოთა კავშირის დროშის გამოყენებისთვის ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი დააკავეს


ფოტო არქივიდან: გორი
ფოტო არქივიდან: გორი

გორში საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენების გამო ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ფიფია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თემურ ფიფია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წითელი დროშების გამოყენების უფლება მისცეს, თუმცა ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, ის პოლიციაში გადაიყვანეს.

კანონი "თავისუფლების ქარტია" კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლოების გამოყენებას. ამის შესახებ ადგილობრივ კომუნისტებს ყოველ წელს, 9 მაისის, 21 დეკემბრის (სტალინის დაბადების დღე) და 5 მარტის (სტალინის სიკვდილის დღე), მიტინგების ჩატარებამდე წინასწარ აფრთხილებენ, თუმცა დღეს გორში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშები მაინც გამოიტანეს.

8 მაისს თემურ ფიფიამ დააანონსა, რომ გორში ჩატარდებოდა აქცია წითელი დროშებით: "მიტინგი წითელი დროშებით. სლოგანი: "სოციალიზმი! გამარჯვება! სტალინი!" მოვითხოვთ რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობების აღდგენას. ასევე, მოვითხოვთ, შეჩერდეს კომუნისტური სიმბოლიკის ამკრძალავი კანონის მოქმედება. ორგანიზატორები: ერთიანი კომუნისტური პარტია, პარტიის გორის კომიტეტი, საზოგადოება "სტალინი" და "ეროვნული ერთიანობის კავშირი."

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე კომუნისტებმა და სტალინისტებმა გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან აღნიშნეს.

XS
SM
MD
LG