Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა, უცნობია გაგლოევის პოზიცია


დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.

„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთი ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 21 მაისის შემდეგ, ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართება. ის აქამდე აცხადებდა, რომ როგორც კი დრო დადგება, „სამხრეთი ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, - რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, ის მათი (დე ფაქტო ხელისუფლების) ნების საკითხად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დალოდებას არჩევს. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ აქ ეს დიდწილად მათზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთზეა, რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო“, - განაცხადა კალაშნიკოვმა. მისი განცხადება ცხინვალში უკვე აღიქვეს, როგორც მთავარ გზავნილად და რეკომენდაციად, ვიდრე უბრალო მოსაზრებად.

წინასაარჩევნო შეხვედრებისას მიცემულ ინტერვიუებში, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარების საკითხი გაგლოევმა ფრთხილად შეაფასა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უკვე ორჯერ ჩატარდა და მესამედაც ჩატარდება, თუ ამისთვის კრემლის მზაობაც იქნება.

გაგლოევს ბიბილოვის ინიციატივაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ინაუგურაცია 24 მაისს გაიმართება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG