Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა ავტობუსის გაჩერებაზე, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან

სტაბილურად მძიმეა 39 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში, დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან დაჭრა ყოფილმა ქმარმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ქალის ახლო ნათესავმა მიაწოდა.

მისი მონაყოლის თანახმად, წყვილი 14 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ქალის მიმართ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ქალი პირველად ქმრის ოჯახიდან ერთი წლის წინ წავიდა.

„შარშან წამოვიდა ოჯახიდან, შემდეგ ურეკავდა. ურეკავდა [ყოფილი ქმარი], ეუბნებოდა, რომ ეს აღარ განმეორდებაო და დაბრუნდა, თუმცა 4 თვის წინ მეორედ წამოვიდა ოჯახიდან. სცემა და ამიტომ წამოვიდა“, - უყვება ქალის ნათესავი რადიო თავისუფლებას.

მისი სიტყვებით, მოგვიანებით ქალი კვლავ დაბრუნდა ყოფილი ქმრის ოჯახში, თუმცა იანვარში ისევ წავიდა იქიდან, განმეორებითი ძალადობის გამო. ქალის ოჯახმა პოლიციას პირველად დაახლოებით ორი თვის წინ, მორიგი ფიზიკური ძალადობის შემდეგ მიმართა.

იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობდნენ. რამდენიმე თვის წინ აქ მოვიდა ფულის სათხოვნელად და ხელი გაარტყა, ტუჩი გაუსკდა და გადავარდა. პოლიციაში დავრეკეთ, მოვიდა პოლიცია და მეორე დღეს დაიჭირეს. სასამართლომ 3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. 20 მეტრის რადიუსში არ უნდა მიჰკარებოდა. დაახლოებით სამი კვირა, მაქსიმუმ ერთი თვე იქნება გასული ამ გირაოს შემდეგ და დღეს იყო პირველი შემთხვევა, ავტობუსის გაჩერებასთან რომ მოაკითხა“, - ამბობს ქალის ნათესავი.

მისი სიტყვებით, ქალს ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული, შემთხვევას შეესწრო მათ არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც დედას სკოლაში მიჰყავდა. სწორედ ამ დროს მოხდა ეს შემთხვევა.

კაცი პოლიციამ დააკავა. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის მიერ მარტში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებული განცხადებით თანახმად, გასულ წელს საქართველოში ქალის მკვლელობის 22 და მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტი მოხდა.

"თუ შევადარებთ 2020 წლის მონაცემებს, ქალთა მკვლელობის მცდელობებში გვაქვს მატება, გასულ წელს 27 ფაქტი მოხდა. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ძირითადად აქვს მომხდარ შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმები და ის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მაშინ ეკა სხილაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG