Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას


არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს წერილში, რომელიც მედიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო. სააკაშვილის თქმით, მას აქვს ძლიერი თავბრუსხვევა და ტრემორი, ძლიერი ტკივილები ზურგის არეში და უჭირს კიდურების დამორჩილება.

"ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეისობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება. მე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის, რაც ვიცი, ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ, ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია", - ასეთია წერილის ტექსტი, რომელიც ეკა ხერხეულიძემ გააცნო ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 მაისს, თქვა, რომ "ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება [სააკაშვილის საზღვარგარეთ] გადაყვანის და ა.შ საფუძველი."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG