Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბარში მარცვლეულის ექსპორტის განახლება სანქციების შემსუბუქებას დაუკავშირა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების პირობად განიხილავს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა კი მისგან მოითხოვეს რუსეთის ჯარების გაყვანა და მოსკოვის მხრიდან „სერიოზული“ სამშვიდობო ძალისხმევა.

28 მაისს შემდგარი სატელეფონო საუბრისას პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უთხრა, რომ „რუსეთი მზად არის დახმარება გასწიოს მარცვლეულის დაუბრკოლებელი ექსპორტის ვარიანტების მოძებნაში, მათ შორის უკრაინული ექსპორტისა შავიზღვისპირა პორტებიდან,“ ნათქვამია საუბრის შესახებ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მაგრამ მან რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის შესუსტება დაუკავშირა მძიმე სანქციების მოხსნას, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ამასობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ბრიტანეთი და მისი პარტნიორები „დიდ შვიდეულში“ ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში დაეხმარონ.

„რუსეთის სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გაზრდაც შეუწყობს ხელს მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე დაძაბულობის შესუსტებას, რისთვისაც უეჭველად საჭირო იქნება შესაბამისი სანქციების მოხსნა,“ განაცხადა კრემლმა.

უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, მაგრამ რუსეთის ჯარებს ამჟამად ჩაკეტილი აქვთ უკრაინული პორტები შავ ზღვაში, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მომარაგებას სურსათით.

პუტინმა ასევე გააფრთხილა მაკრონი და შოლცი უკრაინისთვის იარაღის „სახიფათო“ მიწოდების თაობაზე და თქვა, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს „ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება“.

80-წუთიანი საუბრის შესახებ ბერლინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შოლცმა და მაკრონმა პუტინს მოუწოდეს, „სერიოზული პირდაპირი მოლაპარაკებები“ გამართოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „და [გამოინახოს] კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზები“.

საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ვებსაიტი სამ ლიდერს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ იტყობინება, რომ შოლცმა და მაკრონმა პუტინს მოუწოდეს, გაათავისუფლონ 2500-მდე უკრაინელი სამხედრო, რომლებიც მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალში" აიყვანეს ტყვედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG