Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი GWP-ზე: ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?


საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიის, GWP-ის, მუშაობას პარლამენტის ტრიბუნიდან აკრიტიკებს. მან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის კითხვის დასასმელად გამოყოფილი დრო ამ კომპანიაზე საუბარს დაუთმო.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა, მაღალ მატერიებზე მესაუბრა მეც და კოდექსებზე, მაგრამ ისეთი გაცოფებული ვარ - გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და მთელ თბილისს ჯერ წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, წყალი შეგიწყდებათო.

მინდოდა, რომ ღარიბაშვილისთვის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება, საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს?! საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?

როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია და ახლა ვკითხულობდი მისი, GWP-ის განცხადებას, ასეთი ცინიზმი - ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს?! ვიღას შევჩივლო, აღარ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ. რამე გაფუჭდება და წელიწად-ნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს", - თქვა ელისაშვილმა.

მის ამ გამოსვლას გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. მან ამ სფეროში კონკურენციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

თბილისის რამდენიმე უბანში ათეულობით ქუჩას წყლის მიწოდება გუშინ, 7 ივნისს, მას შემდეგ შეუწყდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში თბილისის წყალსადენი არხის ერთ-ერთი მთავარი ნაგებობა დაიტბორა.

წყალმომარაგება 8 ივნისს, დღის პირველ ნახევარში უნდა აღდგენილიყო, თუმცა მიწოდების დრომ 6 საათით გადაიწია.

XS
SM
MD
LG