Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა“ - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, დანიელ გერლიანი დაიღუპა


დანიელ გერლიანი
დანიელ გერლიანი

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის დანიელ გერლიანი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი დედა, ალა გერლიანი წერს:

„ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა, ჩემი დამცველის, ოფიცრის, არაჩვეულებრივი, ნათელი, მართალი ბიჭის, ჩემი დანიელის სიცოცხლე. ის სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა, მშობლიური მიწისთვის ბრძოლას შეეწირა, მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა“.

23 წლის დანიელ გერლიანი უკრაინის მოქალაქე იყო. ის 3 ივნისს დაიღუპა. ალა გერლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს 9 ივნისს კიევში დაკრძალავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გერლიანი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და ისინი წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდნენ.

როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა დანიელ გერლიანი, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

8 ივნისს გახდა ცნობილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კირილ შანავას გარდაცვალების შესახებ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ლუგანსკის ოლქში, აფეთქებისას დაიღუპა.

კირილ შანავა უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს, გიორგი გრიგოლიას, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს გავრცელდა, მას საქართველოში 10 ივნისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

41 წლის გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა. ის საარტილერიო შეტევის დროს დაიღუპა.

გიორგი გრიგოლიას ნათესავების ცნობით, ის უკრაინაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა. მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG