Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი: ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალება იყო


აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი
აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობაზე. აფგან მუხთარლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კორუმპირებული ადამიანი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია რეგიონში.

"ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ არის მოწოდება. დიდება მათ! ივანიშვილი იყო ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული. ის არის არჩევნების გამყალბებელი, რომელმაც გააუქმა დემოკრატიული არჩევნები საქართველოში და ამომრჩევლებს ფულით ყიდულობს. ის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში. საქართველოდან ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალებით მოხდა. ახლაც მისი დავალებაა, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს. დღეს უკრაინა იბრძვის ყველა ჩვენგანისთვის. ის გვიცავს არამარტო რუსეთის აგრესიისგან, არამედ წვრილმანი ნაბი##რებისგან", - წერს მუხთარლი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციაში შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG