Accessibility links

site logo site logo

ვოლსკის თქმით, ხუნდაძის მოსაზრება ევროკავშირზე პარტიის ოფიციალური პოზიცია არ არის


გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი კოლეგის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებები ევროკავშირთან დაკავშირებით პარტიის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს. ხუნდაძემ ევროპარლამენტი 9 ივნისის რეზოლუციის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, თუკი უსამართლო ვალდებულებებს მიიღებს.

"დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა, რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის", - ამბობს ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა დიმიტრი ხუნდაძის ეს კომენტარ ემოციის გამოხატვად შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძის გარდა, რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG